ახალი ამბები
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების მეორე ეტაპმა ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა. რაც შეეხება ორმოც მოწამეთა ტაძარს, კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი დასრულდა, უახლოეს პერიოდში კი ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციის პროცესიც უნდა დამთავრდეს. სამინისტროს ინფორმაციით, ორმოც მოწამეთა ტაძარი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით დაიხურება, რომლის ფორმისა და შემადგენლობის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ავთენტური კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.



სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელიც ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებას მოიცავს, 2018 წელს განახლდება. პროექტის თანახმად, მოეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები, დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირებაც. ასევე, იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.



კომპლექსურ სამუშაოებს, რომელიც 2016 წელს დაიწყო, სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო: კულტურის სამინისტრო




Print