რეგიონი
ბარამიას ქუჩაზე 240 დევნილი ოჯახი ბინას მომავალ წელს მიიღებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 240 ოჯახი ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებს. აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, განაცხადების მიღება უკვე შეწყდა და კონკურსის წესით ბინების გადასაცემად კომისია იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

„განაცხადების მიღება ჩვენთან დაიწყო პირველი სექტემბრიდან და პირველი ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2018 წლის იანვრიდან კომისია იწყებს მუშაობას, როგორც კი მორჩებიან, 240 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს და ეს შეიძლება თებერვალში მოხდეს. ამ ეტაპზე სულ 500-მდე განაცხადი შემოვიდა, მაგრამ არის ძველი განაცხადებიც, რომელიც ახალს დაემატება“, - განაცხადა ჩილაჩავამ.

მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე კიდევ სამი კორპუსი აშენდება, სადაც სავარაუდოდ 400 ოჯახი მიიღებს ბინას. აღნიშნულ ბინებში ფართების მიღების მსურველები განაცხადის შეტანას 2018 წლის გაზაფხულზე შეძლებენ.




Print