რეგიონი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარეს. პირველი ნიჩბები სიმბოლურად პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, "თი ბი სი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ, პორტის მშენებლობის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ, მიხეილ ჯანელიძემ და დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაასვეს.

"ჩვენ აქ მხოლოდ პორტს არ ვაშენებთ, ეს არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის განაცხადი იმისა, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს ის ისტორიული ფუნქცია, რასაც აბრეშუმის გზა ქვია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ვიყოთ ინტეგრირებული ამ უზარმაზარ მარშუტებში და საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კვანძი", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.




პროექტის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (თEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება.

2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე თEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.




მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება; 

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



Print