ახალი ამბები
მესტიის მერი: უშგულში მოძრაობა პარალიზებულია
მესტია-კალა-უშგულის საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო პარალიზებულია. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკაც ვერ მუშაობს.

„სანამ ტემპერატურა არ იქნება, დაახლოებით, -3 გრადუსი, სამუშაოებს ვერ დავიწყებთ, რადგან ზვავის ჩამოწოლის საშიშროებაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, უშგულს, მეორე დღეა, ელექტროენერია არ მიეწოდება. გარდა ამისა, მერის თქმით, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში, სადაც ნალექმა ხეები წააქცია. დენის მიწოდების პრობლემა რჩება რამდენიმე სოფელში.

„მიმდირაეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდა, ასევე, ენერგო-პრო მუშაობს ელექტროენერგიის აღსადგენად. ნაწილს უკვე მიეწოდება შუქი“, - თქვა ჟორჟოლიანმა.

უშგულში არსებული ვითარების გამოსწორებას ხვალიდან ვარაუდობენ.

Print