ახალი ამბები
გიორგი ლუკავა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს
აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მისმა მეუღლემ ლალი ბასარიამ დაუდასტურა. ის ამბობს, რომ ინფორმაციას დღეს მეუღლის შესაძლო გათავისუფლების შესახებ არ ფლობდა და დამატებითი დეტალების შესახებ არ იცის.

„ახლა, როგორც ვიცი, ენგურის ხიდზეა, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ელოდება ქართული მხარის წარმომადგენლების მისვლას. შემდეგ, ალბათ თბილისში გამოუშვებენ. 7 წელი ჩვენი ოჯახი იბრძოდა, რომ ის უკანონო პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ“, - აღნიშნა ბასარიამ.




ლუკავას გათავისუფლებაზე სუს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ფაქტს უკვე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითად შეაფასა.

„ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში,მეუღლესა და შვილებთან ერთად, შეხვდება. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თითქმის, 7 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.


ამავე თემაზე:

სუს: გიორგი ლუკავას ოჯახი მის მონახულებას შეძლებს
Print