რეგიონი
დაურ კოვე: შოტლანდიაში აფხაზ მეომართა მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დააბრუნეს
შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აღებული აფხაზ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დააბრუნეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

"ძეგლი იმავე ადგილზე უცვლელად აღმართეს. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ბოლო რაუნდზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას და შეიტყვეს, რომ მემორიალი ძველ ადგილს თავდაპირველის სახით დაუბრუნდა", – თქვა კოვემ.

ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი ნოემბერში დააყენა. შოტლანდიის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა. მემორიალის დემონტაჟი 10 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, მათ არ მოუთხოვიათ მემორიალის დემონტაჟი. საგარეო უწყებამ მხოლოდ მიუთითა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს.

„ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველაფერს შესაბამისობაში მოიყვანს. ამ მიზნით, მემორიალის დროებითი დემონტაჟი განხორციელდა, გამოსწორების შემდეგ, მას ისევ თავის ადგილზე დააბრუნებენ“, - აცხადებდა დონდუა.

მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული მხარის ნაბიჯები შეფასდა „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობა და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობა“.


Print