ახალი ამბები
მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ქალაქის მერის მოადგილემ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  ვითარებაში გასარკვევად დაიბარა. მანამდე მაიაზერ ნანავა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელს თეა ანჩაბაძეს შეხვდა და ინფორმაცია მისგან მიიღო. დედის მტკიცებით, მისი შვილი დღეს საბავშვო ბაღის ზეიმზე არ შეუშვეს.



„თავიდან მითხრეს, რომ ჩვენ მეორე ღონისძიებაზე უნდა შევსულიყავით და აქ დასწრების უფლება არ გვქონდა, მერე მიზეზად დამისახელეს, რომ შესაძლო იყო, ბავშვებს ზეიმი ჩაეშალათ, მოგვიანებით უკვე მოიმიზეზეს, რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ. ჩემს შვილთან ერთად იქ აუტისტური სპექტრის მქონე ორი ბავშვიც იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანჩაბაძემ.


თეა ანჩაბაძე


ბაღის გამგესთან შეხვედრას ზუგდიდის მერიაში, რომელიც, თითქმის, ერთ საათს გაგრძელდა, ბაღების ცენტრის თანამშრომლები და მე-15 ბაღის აღმზრდელები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ რადიო „ათინათთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ.

„ამ დარბაზს სამი კარი აქვს. სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს. დეკორაციები იყო იქ. ხვალ მოდით და ყველაფერს თქვენ ნახავთ“, - თქვა ზაქარაიამ. 



ჯული ზაქარაია

ქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამის რეაგირებას მოკვლევის დასრულების შემდეგ მოახდენენ. მაიზერ ნანავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება.

ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.

ამავე თემაზე:

მერის მოდგილე ბაღის ინციდენტზე: დამნაშავე დაისჯება

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს
Print