ახალი ამბები
სვანეთში ელექტროსისტემა გაზრდილ დატვირთვას ვერ უძლებს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დენის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ელექტროგადამცემი სადენები იტვირთება და იწვება. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბოლო წლის განმავლობაში 24 ტრანსფორმატორი გამოვიდა მწყობიდან.

„იმისთვის, რომ არ გადაიწვას ტრანსფორმატორები და მოსახლეობა არ დარჩეს უშუქოდ, ვთხოვეთ მათ, რომ მაქსიმალურად დაეზოგათ დენი. ერთი წლის განმავლობაში 24 ტრანსფორმატორი გადაიწვა და გამოგვიცვალა ენერგო-პრო ჯორჯიამ. ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა ინფრასტრუქტურის, საოჯახო სასტუმრობის რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია “, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

მერიაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების დაწესებაა საჭირო, რაც საოჯახო სასტუმროებისთვის საკუთარი ტრანსფორმატორებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მესტიის მერიამ მოსახლეობას სოციალური ქსელით მოუწოდა. მომხმარებლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი დენის მოხმარების დაზოგვაშია.

ენერგო-პრო ჯორჯიაში ადასტურებენ, რომ რეგიონში, განსაკუთრებით კი მესტიაში, ელექტროენერგიის მოხმარება საახალწლოდ გაიზარდა. რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას, უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საკითხზე მუშაობენ და დამატებით კომენატრს არ აკეთებენ.

სვანეთში დენის გადასახადს მხოლოდ კომერციული დაწესებულებების ნაწილი იხდის, მოსახლეობა კი ელექტრონერგიას უფასოდ მოიხმარს.

Print