ახალი ამბები
სვანეთში ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს
სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.  ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შს სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა შეტყობინების მიღებისთანავე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ზვავში მოყოლილი ერთი პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

გადარჩენილ ტურისტს პირველადი სამედიცინო დათვალიერებით ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც იგი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ.

Print