ახალი ამბები
„ალილო“ - ტრადიციული საშობაო მსვლელობა ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12 საათზე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეებს შორის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, სასულიერო პირები და მრევლი იყო. მათ „ალილოს“ გალობით გზა მშენებარე ტაძრამდე გაიარეს. მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა მეუფე გერასიმემ და ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უსურვა.



„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, ვუერთდებით ანგელოზთა გალობას. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.



გზადაგზა მსვლელობას მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ. მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ძღვენი გადასცეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ურემზე დაალაგეს. საშობაო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.



„გილოცავთ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს. წარმატებისა და გამთლიანების წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ.



მსვლელობა ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა.



"ალილოს" ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.

Print