ახალი ამბები
EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, EBRD ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოყოფს. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის და მინდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის დაფინანსებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.



„ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის“, - განმარტა ბალვანერამ.


პროექტის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ განხორციელება 2018-2021 წლებშია დაგეგმილი.

პროექტის განმახორციელებელია - შპს „ენგურჰესი“. 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

Print