რეგიონი
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თანამშრომლები თავს დამნაშავედ ცნობენ
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ნატრული აკობიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს ან შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ 3000- 3000 ლარის გადახდას ითხოვდნენ. სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.

„წინა სასამართლო პროცესზე პროკურორი აპელირებდა იმ გარემეობებზე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე და ხელს შეუშლიდნენ გამოძიებას, თუმცა ეს არგუმენტები არ გვაძლევს მათი პატიომრობაში დატოვების საფუძველს. მითუმეტეს წინა პროცესზე ეს გარემოება, რომ ისინი თავს დამნაშავედ ცნობენ, არ იყო ცნობილი. ამ გარემოების შემდეგ არ არსებობს, ეჭვი იმისა, რომ ისინი ზემოქმედებას მოახდენენ მოწმეებზე“, - განაცხადეს პროცესზე ადვოკატებმა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალის აღიარება ახალი გარემოებაა, თუმცა ის საქმეს არსებითად არ ცვლის. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს 17:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მარტვილში დაკავებულ საჯარო მოხელეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ 

მარტვილის მერიაში დაკავებული საჯარო მოხელე ბრალს არ აღიარებს

ფინანსურმა პოლიციამ მარტვილის გამგეობაში ორი სამსახურის უფროსი დააკავა



Print