რეგიონი
ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეების ნაწილი კომპენსაციას ითხოვს (ვიდეო)
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ნაწილი საკუთრების უფლების აღდგენას და შესაბამისი კომპენსაციის მიღებას ითხოვს. უძრავი ქონების ყოფილი მეპატრონე ამბობს, რომ მას აღნიშნულ ტერიტორიაზე კვების ობიექტი ჰქონდა. შპს „ედელვაისის“ დირექტორი მადონა ლაშხია ამბობს, რომ მის მიერ 2006 წელს სოფელ ანაკლიაში შესყიდულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წელს გაბათილდა.



„ეს ტერიტორია ვიყიდე 2006 წელს. მოვაწყე ბუნგალო და პატარა ბიზნესი მქონდა. 2010 წელს კი მომივიდა წერილი, რომ ეს მიწა უკანონოდ იყო გასხვისებული ამხანაგობა „თოლიას“ მიერ და ჩამომერთვა საკუთრების უფლება. თუ "თოლიამ" წლების წინ უკანონოდ გაასხვისა, მე რა შუაში ვარ, ჩემამდე ოთხ პირზე იყო გასხვისებული. მივმართე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, თუმცა უწყებაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რაც უკანონოა. ამ მიწაში ფული მაქვს გადახდილი და ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს. შვიდი წელი გაჩერებულია ჩემი ბიზნესი, ახლაც არანაირ პასუხს არ მაძლევენ, დღე-დღეზე პორტის მშენებლობა იწყება და გამოდის, რომ ფული წყალში გადამიყრია. ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დავდგები და პორტის მშენებლობის უფლებას არ მივცემ“, - აცხადებს მადონა ლაშხია.



ადგილზე ამხანაგობა „თოლიას“ წამომადგენელი გურამ თირქიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის დაცვით, მან კერძო მესაკუთრისგან წლების წინ იყიდა და შემდეგ გაასხვისა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იგივე პრობლემა მას საკუთარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებითაც აქვს და სამართლის აღდგენას ითხოვს.



„იმ ტერიტორიაზე მაქვს სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც პორტი უნდა აშენდეს. 2002 წლიდან 2010-მდე ბიუჯეტში, მიწის გადასახადი ყოველთვიურად 5000 ლარის ოდენობით შემქონდა. თუ მე არ მეკუთვნოდა ეს მიწა, ფულს რატომ მახდევინებდნენ? ექვსი წელია ამ საქმეს არკვევენ. ყველაფრის დამადასტურებელი საბუთები მაქვს და არანაირ უკანონობას არ აქვს ადგილი. მოვუწოდებ ახლანდელ ხელისუფლებას, ნუ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჩადიოდნენ. ჯერჯერობით, აქ ვერ დაიწყებენ მშენებლობას, სანამ არ გაირკვევა ეს საკითხი. მშენებლობა რომ დაიწყონ, ჩემი სახლი უნდა დაშალონ, რის უფლებასაც მე არ მივცემ “, - აღნიშნა გურამ თირქიამ.

აღნიშნული ტერიტორიის ყოფილი მეპატრონეები ამბობენ, რომ იგივე პრობლემა მათ მსგავსად 40-მდე მესაკუთრეს აქვს და თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, ისინი პორტის მშენებლობას შეაფერხებენ.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  ყოფილ მესაკუთრეებს უკვე ესაუბრნენ და აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას ცდება.






Print