რეგიონი
ეს პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე გავაკეთე - როგორ აღმოჩნდა აფხაზურ ნომრიანი ავტომობილი ეიფელის კოშკთან
ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო, რომელზეც პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე აფხაზური ნომრის მქონე ავტომობილი იყო გამოსახული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოტოს და პატარა ვიდეო - რგოლის ავტორია 26 წლის სოხუმელი ახალგაზრდა ალიას კუკავა.

მან დაადასტურა, რომ ფოტო - ორიგინალს წარმოადგენს და ისიც სიმართლეა, რომ ის პარიზის ქუჩებში დე ფაქტო აფხაზეთის სარეგისტრაციო ნიშნის მქონე ავტომობილით დადიოდა, რომელსაც საფრანგეთი არ აღიარებს.

"საფრანგეთის დედაქალაქში რუსული ნომრით შევედი და უკვე იქ გავცვალე ის აფხაზურში. მართალი გითხრათ ეს პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე გავაკეთე, რათა ამ გზით მაინც წარმომეჩინა ჩვენი ქვეყენა უცხოეთში, ამიტომ ასეთ ხერხს მივმართე“, - აღიარა ალიასმა.

მისი თქმით, უცხო ნომრის მქონე ავტომობილმა ათობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

"მანქანა თითქმის მთელი დღის განმავლობაში იდგა ეიფელის კოშკთან, მე იქვე ახლომახლო ვიჯექი და თვალს ვადევნებდი გამვლელების რეაქციას. აბსოლუტურად ყველა აქცევდა მას ყურადღებას და ფოტოებსაც იღებდნენ“, - აღნიშნა კუკავამ.

Print