რეგიონი
დევნილების აქცია ზუგდიდში: გვაქვს ეჭვი, რომ მიკროავტობუსებს გააუქმებენ
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ავტოსადგურში დევნილებმა აქცია გამართეს. ისინი იმ სამარშუტო რეისების შენარჩუნებას მოითხოვენ, რომელთაც მგზავრები ენგურის ხიდზე მდებარე ბოლო საგუშაგომდე და გალშიც გადაჰყავთ.



„გვაქვს ეჭვი, რომ, შესაძლოა გააუქმონ, გაუქმება კი არა, უნდა დაამატონ, იმის ღირსები არ ვართ, ნორმალურად ვიმგზავროთ 21-ე საუკუნეში?“- აცხადებენ დევნილები.

ისინი ამბობენ, რომ მათთვის აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილება უფრო იაფი და მოსახერხებელია. მათივე მტკიცებით, საკუთარი ინიციატივით შეიკრიბნენ და ხელისუფლებას თხოვენ, არ გააუქმოს აღნიშნული რეისები.



გუშინ ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.

სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი სამარშუტო ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო მისაღებია.ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი სამარშუტო ტაქსი მგზავრებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის.


Print