ახალი ამბები
ფოთში რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქ. ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირება ისინი გახსნილ მდგომარეობაში; ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სამუშაობს,  რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად.

ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაშია 1959 წლიდან, „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში 2017 წლის დეკემბრიდან გადმოეცა. მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.


Print