რეგიონი
სოხუმი: ფრინველებში ეპიდემიის გავრცელება გამორიცხულია
სოხუმის რამდენიმე ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ათობით მკვდარი მტრედი აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა შეშფოთება გამოთქვეს. «სპუტნიკ აბხაზია» შეეცადა გაერკვია, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ფრინველების დახოცვა.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ორნიტოლოგმა ვიქტორ მალანძიამ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მას დაკვირვება არ უწარმოებია, თუმცა ივარაუდა, რომ ეს შეიძლება იყოს ინფექცია, რომელიც ჯგუფურად მცხოვრები ფრინველების რიცხოვნობის შემცირებას იწვევს. სპეციალისტმა გამორიცხა რამე ტიპის ეპიდემიის არსებობა.

«გასულ წელს შინაურ მტრედებში სერიოზული ეპიზოოტია გავრცელდა, რომლის მიზეზი ვერ დადგინდა. მიმდინარე წელს სოჭშიც არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევები. თუმცა, არსებობს ინფორმაცია გარეული მტრედების სიკვდილიანობის ზრდის შესახებ. კოლეგებმა მოსკოვის ლაბორატორიაში გაგზავნეს მასალები, კვლევების შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია», - განმარტა ორნიტოლოგმა.

რაც შეეხება სოხუმში აღმოჩენილ მკვდარ მტრედებს, მალანძია თვლის, რომ ეს შეიძლება ლოკალურ მოწამლვასთან იყოს დაკავშირებული, რადგან მტრედები ხშირ შემთხვევაში სანაგვე ურნებთან იკვებებიან. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შეგნებულად წამლავენ ფრინველებს, რომლებიც ფანჯრის რაფაზე იყრიან ხოლმე თავს და აბინძურებენ მას.

Print