ახალი ამბები
ქალაქ ზუგდიდის ხუთივე უბანში მერს წარმომადგენელი ეყოლება
ზუგდიდში ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს მერიაში საკუთარი წარმომადგენელი უახლოეს მომავალში ეყოლება. შესაბამისი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსი უკვე დასრულდა. ამ დრომდე ამ უბნებს მერიაში წარმომადგენლები არ ჰყავდათ. საუბარია უფროსი სპეაციალისტის (მერის წარმომადგენლის) თანამდებობებზე ქ. ზუგდიდის ეგრისის, ენგურის, კოლხეთის, მაცხოვრისკარისა და ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

გარდა ამისა, კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა 6 ვაკანტურ პოზიციაზეც იყო გამოცხადებული. ეს პოზიციებია:

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოადგილე

განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი

ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი)

ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი)



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი ორ - დოკუმენტაციის გადარჩევისა და ზეპირი დავალება-გასაუბრების ეტაპებს მოიცავდა.

„40 განაცხადი შემოვიდა და მეორე ეტაპზე გადავიდა 26 კონკურსანტი. რაც შეეხება კრიტერიუმებს, შერჩევა მოხდა Hr.gov.ge-ზე მითითებული კონკრეტულ პოზიციაზე საჭირო მოთხოვნების შესაბამისად“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ პრესსამსახურში.



რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის შემადგენლობას, ის 8 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენელი და ქ.ზუგდიდის N11საჯარო სკოლის დირექტორი. გამოცხადებულ ვაკანსიებზე ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდსა და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე იყო განთავსებული და დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება ათ სამუშაო დღეში შეეძლოთ.


Print