ახალი ამბები
პროკურატურასთან მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის წევრები იმყოფებიან
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან უბედური შემთხვევის  შედეგად გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. მათ გამოძიების ობიექტურობის არ სჯერათ და ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, ხოლო საქმეში გაცილებით მეტი პირის დანაშაული იკვეთება.

"ვითხოვთ გამოძიება დაიწყონ ხელახლა. პროკურატურა გარკვეულ პირებს აფარებს ხელს. თუ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს, ისეთ მასალებს გამოვაქვეყნებთ, სადაც ჩანს, როგორი განუკითხაობაა საგუშაგოზე", - აღნიშნა იზა რუსიამ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს.

27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Print