რეგიონი
გალელები „აფხაზურ პასპორტს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საბუთის გარეშე ვერ აიღებენ
„აფხაზური პასპორტის“ მისაღებად გალის მცხოვრებლებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი უნდა წარადგინონ, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი უარს აცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე. ამის შესახებ ადგილობრივებმა ინტერნეტგამოცემა DFWatch – ს განუცხადეს.

"აქამდე, აფხაზური პასპორტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მხოლოდ სპეციალური ბლანკის ბოლოში მოცემული პუნქტით – „უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე“ – შემოიფარგლებოდა",-წერს გამოცემა

დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და პროცედურების გავლა დაახლოებით 4 500 ლარი ჯდება. ამ თანხაში შედის როგორც რეჟიმის მიერ დაწესებული “ოფიციალური” გადასახადი, ასევე არაოფიციალური ბაჟი. აღსანიშნავია,რომ "აფხაზური პასპორტის” მფლობელისთვის შედარებით ადვილია შემდეგ რუსეთში საცხოვრებლად საჭირო “საზღვარგარეთის პასპორტის” ან სულაც რუსული პასპორტის აღება.

ამვე ცნობით, იმის გარკვევა, რამდენმა გალელმა თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში DFWatch-ს ასეთი სტატისტიკა არ მისცეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პროცესს მასობრივი ხასიათი ჯერ არა აქვს, მაგრამ რამდენიმე პრეცენდენტი უკვე დაფიქსირდა.




Print