ახალი ამბები
საგარეო უწყება ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გმობს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნის ფაქტს ეხმაურება. საუბარია ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნასზე. უწყების შეფასებით, ეს მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

„საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა წარმოადგენს მოსკოვის პოლიტიკის ნაწილს - ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება.

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობის მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.

Print