ახალი ამბები
მარტვილში სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, თბილისის „დინამო“-ს პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ.



პარალელურად, აკადემიასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.



ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი დაჯდა.
2018 წელს აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს.

თბილისის „დინამო“ წელს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე, გარდა ამისა მიმდინარე წელს „დინამო“ დამატებით 56 000 ლარს გამოყოფს მარტვილის აკადემიის კეთილმოწყობისთვის, პერსპექტიულ ბავშვებს კი კლუბი თბილისის აკადემიაში გადაიყვანს.



Print