ახალი ამბები
მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
ზუგდიდის მერთან შეხვედრიდან გამოსული გარემოვაჭრეები უკმაყოფილოები არიან. მათი მტკიცებით, მერიას მათთვის ალტერნატიული ფართი ჯერ გამოყოფილი არ აქვს.

„გვითხრეს, ნაწილს ალიანსში შეგიყვანთო. იქაურ მოვაჭრეებთან როგორ ვიმუშაობთ, როცა მათ ათასობით ლარის საქონელი აქვთ. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით და აქციებს განვაგრძობთ“, - თქვა მარინა ფარულავამ.

თავის მხრივ, ჟურნალისტების კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ლაშა გოგიას თქმით, შედეგი არის ის, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება.

„ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვადასხვა ობიექტზე ადგილი, ჯერ უარზე არიან, მოლაპარაკებებს განვაგრძობთ სათითაოდ, თითოეულს გავესაუბრებით და ამ გზით მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა გოგიამ.



გარემოვაჭრეები კი საკუთარ პოზიციაზე რჩებიან და აქციებს აანონსებენ. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

მოგვიანებით, ზუგდიდის მერიამ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ შ.პ.ს ზუგდიდის „სუპერმარკეტი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, 3 თვის განმავლობაში, გარემოვაჭრეებს უსასყიდლოდ გადაეცეთ მათი საქმიანობის შესაბამისი სავაჭრო ადგილები.



ამავე თემაზე:

შეხვედრიდან გამოსული გარემოვაჭრეები: ჩვენს მერს მხოლოდ ერთი სიტყვა, დემაგოგია ცოდნია


Print