რეგიონი
ზუგდიდში მინი სტადიონს გარემოვაჭრეებისთვის ბაზრის მოსაწყობად შლიან
გარემოვაჭრეებისთვის მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობა დაიწყო. ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მინი სტადიონის დაშლა მიმდინარეობს. შპს „ნიუ ნათის“ დირექტორი დავით ჯანაშია, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ბაზარი აქვს მოწყობილი, ამბობს რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მინი მოედნის სავაჭრო ობიექტად გადაკეთების სიტყვიერი ნებართვა მათ მერიის შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს.



„ჯერ წერილობითი ნებართვა არ მიგვღია და თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ სტადიონის კონსტრუქციას ისევ შევადუღებთ. წუხელ მოვაჭრეების ოჯახის წევრებს დაუწყიათ დაშლა და ახლა ჩვენც ვეხმარებით... ამ სტადიონის სანაცვლოდ ვალდებულებას ვიღებთ ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი მოვაწყოთ იქ, სადაც ამას მერია გვეტყვის“, - ამბობს ჯანაშია.

„ნიუ ნათის“ დირექტორი აღნიშნული ტერიტორიის გადახურვას და მოვაჭრეებისთვის შესაბამისი დახლების მოწყობას აპირებს. ამასთან, ჯანაშია მათ ექვსთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მოვაჭრეებს თვეში 90 ლარის გადახდა მოუწევთ.



„ადრეც მქონდა სურვილი, რომ აქ მომეწყო პატარა ბაზარი, თუმცა მაშინ ამის ნებართვა არ მომცეს. ახლა სიტყვიერი დასტური მაქვს და ვშლით. აღნიშნული ტერიტორია გადაიხურება და მსუბუქი კონსტრუქციები მოეწყობა“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ სტადიონის დაშლის შესახებ ინფორმირებული არ არის.

„არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ჩემთან, პირველად მესმის ეს. როგორ შეიძლება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია შეგვეთავაზებინა მოვაჭრეებისთვის და მით უმეტეს სტადიონის დაშლის უფლება მიგვეცა. ახლავე გავაგზავნი ჯგუფს და ადგილზე გავარკვეთ რა ხდება“, - თქვა ჯაიანმა.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ალტერნატიული ფართების შესაბამისობაში მოყვანამდე კვლავ ძველ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებარვას ითხოვენ.

Print