რეგიონი
დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დირექტორს უჩივლეს
ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა ხუთმა თანამშრომელმა დირექტორის ოთარ შენგელიას წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, იგივე თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.  მათი ინტერესების დამცველი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის გული ქარცხიას თქმით, სარჩელში მითითებულია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდა.

აღნიშნული პოლიკლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი მიმდინარე წლის იანვარში ახლად დანიშნულმა დირექტორმა ოთარ შენგელიამ გაათავისუფლა. ის მაშინ აცხადებდა, რომ გათავისუფლებულებს სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოაჩნდათ.

„ხუთი მათგანი სამსახურებრივი გადაცდომის გამო გავუშვი სამსახურიდან, რაც შეეხება დანარჩენ ოთხ თანამშრომელს, გვაქვს ფინანსური კრიზისი და მე მათ დავპირდი, რომ როგორც კი პრობლემები მოგვარდება, აღვადგენ სამსახურში“, - თქვა მაშინ შენგელიამ.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია გასული წლის აგვისტოში დაინიშნა.

Print