ახალი ამბები
ანაკლიის პორტით კიდევ ერთი მსხვილი კომპანია დაინტერესდა
ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის China Railway International Group-ის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის პროექტის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, დელეგაციამ მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო უწყებებთანაც გამართა. მოგვიანებით, ისინი ანაკლიას ესტუმრნენ და პორტის ტერიტორია და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, China Railway International Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მშენებლობის მიმართულებით, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე კონტრაქტებს ფლობს.

„ჩინეთის მთავრობის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, რომელიც განახლებული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას გულისხმობს, საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ე წ „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ ნაწილად მოიაზრება. ამ მარშრუტში ჩართვის შანსი საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედების შედეგად მიეცემა, მას შემდეგ რაც მასშტაბური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქვეყანა დიდი რაოდენობით ტვირთის გატარებას და გადაზიდვას შეძლებს“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

პორტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს
Print