ახალი ამბები
ფოთის თეატრის დირექტორი: დროებით მუშაობას ვწყვეტთ
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ განუცხადა. ის აღნიშნულის მიზეზად ადამიანებისთვის საფრთხის არსებობას ასახელებს.

„რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა ჭერი. გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით შევაჩეროთ მუშაობა მანამ, სანამ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები არ მოიხსნება“, - აღნიშნა ხუხიამ.

მისივე თქმით, დღეს სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფოთის მერიის, თეატრისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. თეატრმა მათგან პირობა მიიღო, რომ საქართველოს მთავრობა პრობლემის აღმოსაფხვრელად იმუშავებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით უკვე დაიწყო გზების მოძიება. ჩატარდება ექსპერტიზა და როგორც კი შესაძლებელი იქნება, განვაახლებთ მუშაობას“, - დასძინა ხუხიამ.

ფოთის თეატრი ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

Print