ახალი ამბები
ზუგდიდში კივის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა
სამეგრელოში მცხოვრებმა ფერმერებმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, დღეს ზუგდიდში კივის მწარმოებელთა ასოციაცია დააფუძნეს. შეხვედრას, რომელიც მერიის შენობაში გაიმართა, აღნიშნული პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და 30-მდე ფერმერი დაესწრო.

რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის შალვა აგუმავას თქმით, კივის მწარმოებელთა ბიზნეს-ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი დარგში არსებული პრობლემების დაძლევა და პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა.

„ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იქნება, რომ  ფერმერებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს, ამასთან, ჩვენ მხარს დავუჭერთ სწავლებით, ტრენინგებითა და ყველა სახელმწიფო პროგრამით“, - თქვა აგუმავამ.

დღესვე ფერმერებმა ასოციაციის თავმჯდომარე სოფელ ტყაიის მკვიდრი კივის მწარმოებელი დემურ ფიფია აირჩიეს. “გამოცდილებისა და აზრთა გაზიარება მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთ მოვუაროთ ჩვენს პლანტაციებს. ასოციაცია ხელს შეგვიწყობს, რომ მოყვანილი პროდუქტის რეალიზება მოხდეს და ექსპორტზე გავიდეს“, - აღნიშნა ფიფიამ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 1960 წელს დაარსდა და მისი მიზანია ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო ასპარეზზე. მას გაფორმებული აქვს ათობით მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის პალატებთან და ამ დოკუმენტების ფარგლებში მრავალ პროექტს ახორციელებს. გარდა ბიზნესის ინტერესების დაცვისა, პალატა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოშობის სერთიფიკატებს გასცემს.

Print