რეგიონი
სოხუმში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის საკითხს განიხილავენ
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის საკითხმა აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეხვედრაზე, რომელსაც სამედიცინო წრეების წარმოდგენლები ესწრებოდნენ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქვა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანის წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს ვაქცინა არა ინფექციური დაავადებების, არამედ ადამიანის პაპილომა ვირუსის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ მიმართული პროფილაქტიკის საშუალებაა.

საოხუმის რესპუბლიკური საავდამყოფოს მეან - გინეკოლოგი ლიანა ტუჟბა მხარს უჭერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტების გადაწყვეტილებას, რომლებმაც აღიარეს და უსაფრთხოდ ცნეს ისეთი ვაქცინის ეფექტურობა, როგორიცაა „გარდასილი“.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) სკრინინგის პროგრამის მონაწილე მეან - გინეკოლოგი ოქსანა ჭითანავა თვლის, რომ აღნიშნული ვაქცინაცია ნებაყოფილობითია და UNISEF - ის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა გოგონებისა და ქალებისთვის. მისი თქმით, აფხაზეთის მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი პროგრამა არსებობს.

„ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის“ ონკოლოგის ბატალ კაციას ინფორმაციით, გასული წელს 900 - მდე ქალმა ჩაიტარა გამოკვლევა, მათგან 160 - ს აღენიშნებოდა გართულებები, რომლებმაც შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიონ. 31 შემთხვევაში კი სავარაუდოა იყო საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება, ხოლო 6 პაციენტს ეს დიაგნოზი დაუდგინეს. 

„სპეციალური გამოკვლევები იმასთან დაკავშირებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს რომელ შტამთან გვაქვს საქმე, არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ვაცხადებ, რომ ვაქცინაციას სარეკომენდაციო ხასიათი უნდა ჰქონდეს. მისი სავალდებულოდ გამოცხადება არ არის მიზანშეწონილი, რადგან აღნიშნული დაავადება სოციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ქალებს არჩევანის გაკეთების უფლება ეძლევათ“, - განმარტა სპეციალისტმა. მან დასძინა, რომ არ ღირს საკითხის პოლიტიზირება და ამ თემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, დე ფაქტო აფხაზეთში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის წინადადებით, საერთაშორისო ორგანიზაცია UNISEF გამოვიდა. 

Print