ახალი ამბები
საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის 870 ათას ლარამდე დაიხარჯება
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მარტიდან წლის ბოლომდე დასრულდება და მისი ღირებულება 500 ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, 2019 წელს გაგრძელდება.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. ამასთან, შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.




პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.


Print