რეგიონი
მარტვილში მოსახლეობა ხეების ჭრას აპროტესტებს (ვიდეო)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაძვის ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, ტერიტორიის მეპატრონემ, რომელიც ხეებს რეალიზაციის მიზნით ჭრის, საკუთრების უფლება უკანონოდ  მოიპოვა.



ინდ. მეწარმე გოჩა დანელია, რომელიც ხეების მოჭრის სამუშაოებს ახორციელებს, ამბობს, რომ ტერიტორიის მეპატრონეს, სატყეო სამსახურისგან ნაძვების მოჭრის უფლება მოპოვებული აქვს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია.

„მე მაქვს ამ ტერიტორიის მეპატრონისგან ყველანაირი ნებართვა. მან კი ამის უფლება შესაბამისი სამსახურებისგან მიიღო“, - თქვა გოჩა დანელიამ.

პირველად აქ ხეების მოჭრა გასული წლის სექტემბრში დაიწყო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ მალევე შეწყდა. ამ დროისთვის სულ 14 ნაძვის ხეა მოჭრილი.



მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ამბობს, რომ საკითხს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

„მგონი ეს არ არის კერძო ტერიტორია, ამას ზუსტად გამოძიება დაადგენს, რამდენად ჰქონდათ უფლება აქ ხეები მოეჭრათ“, - აღნიშნა გრიგალავამ.

როგორც რადიო „ათინათს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს საკითხის მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.


Print