რეგიონი
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაცია ანაკლიაში საწარმოების ნაწილის გადმოტანას განიხილავს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები და ანაკლია სითის წარმომადგენლები ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შრაგა ბროშს შეხვდნენ. მხარეებმა ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის, პოტენციალზე იმსჯელეს. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლია სითის ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკებს, საფინანსო და ბიზნესცენტრებს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება.

„ანაკლიის პორტის პროექტი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგან აქ არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ხელშეწყობა ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს", - აღნიშნა შრაგა ბროშმა.

მისივე თქმით, ის ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობებს რეალურად განიხილავს.

„ებრაელ ხალხთან 26 საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ისრაელთან ბიზნეს ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - თქვა ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გასული წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.
Print