რეგიონი
ქართულმა მხარემ დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა გააპროტესტა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრაღაში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობას ჩეხეთში საქართველოს საელჩოს პროტესტი მოჰყვა.

„ჩვენ მეყსეულად დავუკავშირდით ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს და მოვთხოვეთ მათ, რომ არ დაეშვათ საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობა. სამინისტრომ და გამოფენის ორგანიზატორებმა მოახერხეს ის, რომ არ მიეცათ აფხაზებისათვის შესაძლებლობა, გამოეყენებინათ ე.წ. ოფიციალური ატრიბუტიკა და დროშა. თუმცა, ვინაიდან გამოფენის ორგანიზატორი იყო კერძო კომპანია და არა სახელმწიფო უწყება, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობის მთლიანად გაუქმება ვერ მოხერხდა“, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლებას" საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა მონაწილეობდა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "Holliday World Top Gastro & Hotel", რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 15-18 თებერვალს იმართებოდა. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი „ინხება“ მასპინძლობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ტურისტული ბუკლეტები და გზამკვლევები.

Print