რეგიონი
ოთარ დანელია აზიურ ფაროსანაზე: მაქვს განცდა, რომ პრობლემა არასათანადოდ არის აღქმული
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, მას აქვს განცდა, რომ პრობლემა, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას სახით ემუქრება, არასათანადოდ არის აღქმული.

„მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე შეგახსენებთ, გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ. მავნებელმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა.

თავის მხრივ, მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მაღალი დონის კომისიაა შექმნილი. ის ოთარ დანელიას ზემოაღნიშნულ განცხადებას ზუგდიდიდან გამოეხმაურა, სადაც ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.



„პირველი კომისიის სხდომა იყო, რომელმაც ჩაიარა მშვიდად. მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თანხებიც საკმაოდ არის გამოყოფილი. არ ვიცნობ ოთარ დანელიას განცხადებას, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ“, - განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, შარშან სამეგრელოსა და გურიაში აზიურმა ფაროსანამ თხილის მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურდა.




Print