რეგიონი
მერებს სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება დაავალეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებული გამრავალფეროვნება დაევალათ. აღნიშნულთან დაკაშირებით, მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეეხვედრა გამართა.

"ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები. ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წყლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით. უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულებით. გარდა ამისა, აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. "რეგიონის კარიბჭე", სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ" - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

შეხვედრაზე ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. გუბერნატორმა თქვა, რომ მავნებელთან ბრძოლაში სოფლის რწმუნებულები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში კვირას, 4 მარტს დასუფთავების აქცია მოეწყობა.



Print