რეგიონი
კორცხელის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დააჯარიმა
ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებულები და მათი ადვოკატი წინა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა. როგორც დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ განმარტა, ბრალდებულების მხრიდან ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტები თუ რა გახდა მათი გამოუცხადებლობის მიზეზი.

აღნიშნულ საქმეზე პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე უნდა დაიკითხოს.

ბოლოს კორცხელის საქმეზე სხდომა გასული წლის 28 დეკემბერს გაიმართა. სწორედ ამ პროცესზე არ გამოცხადნენ ბრალდებულები გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური, ვლადიმერ გეგეშიძე და გიორგი ტყემალაძე და მათი უფლებადამცველი ადვოკატი.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
Print