ახალი ამბები
გუბერნია კვლევის შედეგებზე: ჩვენი მხარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია და მეტი რესურსი იხარჯება
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას უპასუხა, რომლის თანახმად სამხარეო ადმინისტრაციამ საწვავისთვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ამ საკითხზე აპელირება არასწორია.

„რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მის შემადგენლობაში 9 მუნიციპალიტეტია და პროექტების მონიტორინგისა თუ სხვადასხვა ღონისძიებისთვის მეტი რესურსი იხარჯება. მესტია კი რეგიონალური ცენტრიდან 140 კილომეტრზე მდებარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მათივე თქმით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია საწვავის ხარჯებიც და ის 3 ათასი ლიტრით ნაკლებია.

გუბერნიაში ასევე აცხადებენ, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მთლიანი ხარჯები 22 ათასი ლარით შემცირდა. სახელფასო ფონდი კი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45 ათასი ლარით იყო შემცირებული.

„სახელფასო დანამატები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ფუნქციური დატვირთვის, არასამუშაო დღეებსა და საათებში გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისთვის. გაცემული დანამატების ოდენობა 2016 წელთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება პრემიებს, 2017 წელს გაცემული პრემიების ოდენობამ 7360 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით სამჯერ შემცირებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და მის მოადგილეებს კი პრემიები არც 2016 და არც 2017 წელს არ აუღიათ“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუბერნიის ცნობით, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს არც შიდა და არც საგარეო მივლინების დროს მივლინების თანხა არ ჩარიცხვია.

რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო მისიების თუ საპატიო სტუმრების მასპინძლობის ხარჯებს, სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ხარჯერბი მინიმალურია და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეა განპირობებული. „რეგიონში მიმდინარეობს მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რასთან დაკავშირებითაც ხშირია სხვადასხვა ინვესტორების და საპატიო სტუმრების ვიზიტი, რისი გამასპინძლებაც ადმინისტრაციას უწევს".



სამხარეო ადმინისტრაციების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ კვლევის შედეგბი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ დღეს წარადგინა.

ამავე თემაზე:

TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია საწვავის ხარჯების მიხედვით პირველ ადგილზეა (ვიდეო)


Print