ახალი ამბები
საგამოცდო ცენტრის აღდგენის მოთხოვნით ფოთში აქცია გაიმართა
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის შენობის წინ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და და სხვა ადგილობრივები შეიკრიბნენ და ფოთში საგამოცდო ცენტრის აღდგენა მოითხოვეს. მათ ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: ,,დააბრუნეთ ეროვნული გამოცდები ფოთში" , „დაუბრუნეთ საგამოცდო ცენტრი ფოთს“.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ფოთს საკმარისი რესურსი აქვს, რათა საგამოცდო ცენტრი ჰქონდეს და ის არგუმენტი, თითქოს, ის უნივერსიტეტის არარსებობის გამო გააუქმეს, საფუძველს მოკლებულია.

შეკრებილები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება აღნიშნულ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, მასშტაბურ აქციებს გამართავენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგამოცდო ცენტრი არ იქნება ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში.
Print