ახალი ამბები
შსს-მ სამეგრელოში უკანონო იარაღი ამოიღო
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ 9 პირია დაკავებული, მათ შორის, თურქეთის 1 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში „ბრაუნინგის“ და კალაშნიკოვის სისტემების 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.

გარდა ამისა, ახმეტაში, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

შს სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

ფოტო: შსს
Print