რეგიონი
ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი შეხვდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას.

ამასთან, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

5 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია გამოქვეყნდება.

აღნიშნულ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დახურვის შესახებ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ადგილობრივი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი მოჰყვა.
Print