რეგიონი
ზუგდიდელი ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს
შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს. მიქავა ამბობს, რომ მას ქალაქ ზუგდიდის მერისგან (ლიკვიდირებული. ავტ) აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს დაპირება არ შეასრულეს.

„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ რაღაც კომპლექსის აშენებას. მე მყავს ინვესტორი, რომელიც გაცილებით მეტ ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, როცა მისი წარმომადგენელი ლაშა გოგიასთან მივიდა, გოგიამ უპასუხა, რომ განზე გამდგარიყო. ამას არ დავთმობ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიწა ჩემს სარგებლობაშია“, - აღნიშნა მიქავამ ბრიფინგზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისფლება მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

სამგერელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბიზნესმენის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.

„მას ეს კონკრეტული მიწა არ ეკუთვნის. მიქავას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს აიღო და რის მიხედვითაც 2012 წლამდე უნდა მოეხდინა მშენებლობის დასრულება და 6 მილიონი ლარის ინვეტიციის განხორციელება, თუმცა ეს ვალდბულება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას მერიამ დამატებით მისცა დრო ინვესტიციის მოსაძებნად. მიქავამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხა ინვესტიციის განხორციელება. ის რომ მანანა მიქავამ 10 წლის განავლობაში ვერ განახორციელა 1 ლარის ინვესტიციაც კი, ეს არა მერიის და გუბერნიის არამედ თავად მიქავას ბრალია. ამასთან მანანა მიქავას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ცილი დასწმოს კორუფციულ გარიგებასა თუ თაღლითობაში“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას ოთხმილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა.

რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე, სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითი" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

Print