რეგიონი
"არა ნენსკრაჰესს" - საპროტესტო აქცია მესტიაში
მესტიის ცენტრში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დაუშვებელია რეგიონში ჰესების მშენებლობის დაწყება, სანამ პროექტს მოსახლეობა არ გაეცნობა.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, როემლიც ზეგავლენას ახდენს იმ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე, რომელშიც ცხოვრობს სვანეთის მოსახლეობა, მათ გარეშე არ იქნეს გადაწყვეტილი. ეს მოთხოვნა უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული. ჭუბერის შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებაში არ მიუღია მონაწილეობა მოსახლეობა, ვინაიდან ეს იქნებოდა მათვის ხელის შემშლელი ფაქტორი, მათ ადგილობრივების აზრის გათვალისწინება მოუხდებოდათ. ყველა ის პროექტი, რომელიც არის სვანეთზე მიმართული, უნდა შეჩერდეს, სანამ არ მოხდება მათი შესწავლა. აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსახლეობა, არა ფორმალურად, როგორც ახლა ხდება," - ამბობს მესტიის მკვიდრი გიორგი გულბანი.



ამასთან, აქციის მონაწილეები მიმართავენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, არ დააფინანსონ მსგავსი პროექტები.

მათ დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპკორპუსს და ყველა ინსტიტუციას აღნიშნული მოთხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ სვანეთში აიკრძალოს უკლებრივ ყველა ისეთ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელყოფს, აზიანებს ანგრევს და აპარტახებს უნიკალურ ბუნებას.

"სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება - ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები. კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუსაოების ჩატარების აკრძალვას," - ნათქვამია განცხადებაში.



ჰესების მშენებლობა მესტიის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა.

Print