რეგიონი
სოხუმში პარკებისა და ქუჩების დასუფთავება დაიწყო
სოხუმში საგაზაფხულო  სეზონისთვის ემზადებიან. ქალაქის მოწყობის სამსახურებმა ხეების გასხვლა და ქუჩების დასუფთავება დაიწყეს. დღესდღეობით სოხუმის პარკები 385 ჰექტარზეა განთავსებული, თუმცა, ამ ტერიტორიის ნაწილი გაქირავებულია. ქალაქის მოწყობის სამუშაოებისთვის ადმინისტრაცია ყოველწლიურად 24 მილიონ რუბლს გამოყოფს, თუმცა, სოხუმის მერის ადგურ ხარაზიას თქმით, ეს თანხა არასაკმარისია აუცილებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სანაპიროზე განთავსებული ატრაქციონების დემონტაჟის საკითხს, რასაც ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეების ნაწილი მოითხოვს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, პარკის ის ნაწილი, სადაც საქანელებია განლაგებული, გაქირავებულია. ადგურ ხარაზია მზადაა საკითხი კარდინალურად დააყენოს.

„აფსნი ლაიფის“ ცნობით, მაისის პირველ რიცხვებში ქალაქის სკვერებში ყვავილების დარგვა დაიწყება. ასევე იგეგმება, მოქალაქეების ჩართულობით, შაბათობების ჩატარება.

Print