ახალი ამბები
თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ანაკლიაში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საქართველოს პარლამენტის თვითმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. ერთ-ერთი მათგანი  დაჯარიმების სპეციალური მუხლის ამოქმედებას და პარკირების სისტემის ზოგად მოწესრიგებას გულისხმობს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას თქმით, მუნიციპალიტეტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავად უზრუნველყონ შესაბამისი წესების რეგულირება.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს.

ქვარაიამ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გაცხადებული გეგმა დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით თვითმმართველობების გაძლიერებისკენაა მიმართული და კომიტეტი სამი სხვადასხვა, მათ შორის, ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ჩართულობის კუთხით მუშაობს.



მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარემ მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე რამდენიმე წინადადადება გააჟღერა, მათ შორის, შეეხო გარევაჭრობის საკითხსაც.

“ფაქტობრივად, კანონის მუხლი, რომელიც გარევაჭრობას მიმართვის გარეშე კრძალავს, შეჩერებულია, თუ იქნება შესაბამისი რეგულაცია და განისაზღვრება მოსაკრებლის ოდენობა, უკეთესი იქნება, რადგან ამ ეტაპზე სანებართვო სისტემა არ არის დადგენილი”, - თქვა წოწერიამ.

რაც შეეხება ლაშა გოგიას, მან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მექანიზმების არაეფექტურობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტს შესაბამისი ზემოქმედების საშუალება არ აქვს.

პარლამენტის წევრებს კითხვები სხვა მუნიციპალიტეტების მერებმაც დაუსვეს. ჩხროროწყუს მერი წვევამდელების საკითხს შეეხო და განმარტა, რომ მათ მუნიციპალიტეტიდან ორგანიზაცია "გირჩის" წევრები მიერ დაფუძნებულ  რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული 17-მდე ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირებად ითვლებიან.  მისი შეფასებით, ეს დეზერტირობაა. დათო გოგუამ დეპუტატებს საკითხის მოგვარება თხოვა.



რაც შეეხება აბაშის მერს ლევან მაკალათიას, მან საძოვრების საკითხსა და აზიური ფაროსანას პრობლმაზე გაამახვილა ყურადღება.

ფაროსანასთან დაკავშირებით გუბერნატორმა ლევან შონიამ თქვა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წელს ბევრად მასშტაბური იქნება და მოსახლეობას ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილობრივებს, თუმცა მთავარი სამუშაოები თავად უნდა ჩაატარონ.

„ხალხს ძველი წარმოდგენა აქვს, რომ თხილი ველური მცენარეა და თავისით მოიყვანს მოსავალს. ჩვენ უნდა გავაგებონოთ მას, რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა შონიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ აღნიშნეს, რომ გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისთვისა და კომუნიკაციისთვის.

კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.



Print