რეგიონი
შსს: სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში იარაღის უკანონო ფლობისთვის 11 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სამეგრელოში, აჭარასა, და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს.

მათივე ცნობით, ასევე, აქტიურად გრძელდება მოქალაქეების მიერ პოლიციაში სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით ჩაბარება. ამ შემთხვევაში მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

Print