ახალი ამბები
ნაცატუში ეკომიგრანტ ოჯახს კერძო სახლი გადასცეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ლაგვილავების ეკომიგრანტ ოჯახს სახლი გადასცეს, მანამდე კი ოჯახის მდგომარეობას იმ ავარიულ სახლში გაეცნენ, სადაც მურთაზ ლაგვილავას ოჯახი წლებია ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.



სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახლად შეძენილი სახლის კეთილმოსაწყობად ლაგვილავების ოჯახს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ხის სამასალე მერქანს გადასცემს.

სოზარ სუბარი და კობა ქანთარია ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრნენ.



გუბერნიის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.




ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
Print