რეგიონი
ფაროსანასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებიც დაესწრნენ
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში წამლობის დაწყების თარიღი იმ ფერომონებისგან მიღებული შედეგებით განისაზღვრება, რომელიც ფართობებზე განთავსდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, დევნილებიც დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანია მავნებელი, რომელიც ჯერ კიდევ შენობებშია, ადგილზე განადგურდეს. შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ის ღონისძიებები გატარდება, რომლებიც დაგეგმილია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობასთან ერთად, ამ პრობლემას დავძლევთ და მომავალ წელს უფრო უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე ეს იყო შარშან“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურა ჩეკურაშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოსაგავრებლად წელს უფრო მობილიზებულია.

საუბარი ასევე შეეხო მავნებლის წინაღმდეგ ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხს. ჩეკურაშვილის ცნობით, იაპონურ კრაზანას საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული მწერის გამოკვლევამდე არ შემოიყვანენ.

კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ადგილობრივმა აგრონომმა კლიმენტი კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ შესაწამლი პრეპარატები, რომლებიც ბაზარზე იყიდება, არაეფექტურია.

„ყველას არ შეუძლია იმ ღონისძიებების გატარება, რაზეც აქ იყო საუბარი, თან მოსახლეობის ნაწილს ამის ფინანსური რესურსიც არ გააჩნია“, - აღნიშნა კიკალიშვილმა.

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრონომს უპასუხეს, რომ ქვეყანაში შემოტანილი პრეპარატების ეფექტურობა მეცნიერულად დამტკიცებულია.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გაიმართა. მას დევნილები, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



Print