ახალი ამბები
ენმ საკრებულოს ინციდენტზე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია მანდატის ქურდ თოლორაიას მეშვეობით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება ძალადობას და საკუთარი პარტიის წევრებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციას. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, როცა საქმე ეხება მანდატის ქურდს თოლორაიას, მოვუწოდებთ საკრებულოს წევრებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ აყვნენ პროვოკაციას სუს-ის მხრიდან. ნებისმიერი ზუგდიდელი, ვინც პოლიტიკაში ოდნავ ერკვევა, დაგიდასტურებთ, რომ თოლორაიას მიერ პარტიის დატოვება და შემდეგ „ევროპულ საქართველოსთან“ ასოცირება სუს-ის მიერაა დაგეგმილი და ასეთი პროვოკაციები თოლორაის მეშვეობით კიდევ ბევრი იქნება“, - აღნიშნა ბოტკოველმა.



თავის მხრივ, პარტია „ევროპულ საქართველოში“ თვლიან, რომ დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ იყო პროვოცირებული. რადიო „ათინათს“ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომ ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ ბათლომე შელიას პოზიციას.

ზუგდიდის საკრებულოში გუშინ ერთმანეთს ფრაქცია ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაუპირისპირდნენ. კამათი დათა შელიასა და ბათლომე შელიას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნებოდა.



სიტუაცია სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულომ ახალი ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ ჩამოყალიბების შესახებ ცნობა მიიღო, რომლის ერთ-ერთი წევრი ენმ-ის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა თოლორაიაა. მან "ნაციონალური მოძრაობა" გასულ წელს, თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე ცემის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რამდენიმე დეპუტატი უკვე დაკითხეს.

ამავე თემაზე:

ბოკერია ზუგდიდის ინციდენტზე: სრულად ვიზიარებთ ბათლომე შელიას პოზიციას 

ზუგდიდის პოლიციაში საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)


Print