რეგიონი
ქვის ცვენის გამო ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა ჩაკეტილია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლაჯურღულასა და შავღელეს მონაკვეთებზე მოძრაობა ქვის ცვენის გამო ამ დრომდე ჩაკეტილია. მესტიის მუნიცპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით გზა პერიოდულად იხსნება და იკეტება.

„ამ დროისთვის გზა ჩაკეტილი გვაქვს და აკრძალულია მოძრაობა. შეფერხებულია, როგორც ტურისტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება, მაგრამ თუ გზას არ ჩავკეტავთ მისი გაწმენდა სხვანაირად შეუძლებელი იქნება. ტალახთან ერთად მცირე ზომის ქვებიც ცვივა, რაც უნდა გაიწმინდოს. სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტურისტები უკან ბრუნდებიან. ყველა აქ ელოდება გზის გაწმენდას“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ტურისტების გადაადგილების შეფერხების შესახებ, შესაბამის ფოტოებს ფეისბუქ მომხმარებლები აქვეყნებენ. მოქალაქეების ნაწილში მოძრაობის შეფერხებამ უკმაყოფილება გამოიწვია.

ინტენსიური ქვისცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 დღის წინ აიკრძალა.


Print