ახალი ამბები
ჭუბერში მამაკაცი ნენსკრაჰესის ადმინისტრაციაში შეიჭრა და იარაღიდან გაისროლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ძალოვანი უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული მ.გ., აღნიშნული ბრალდებით ჭუბერში დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“ ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ., რომელიც დანაშაულს აღიარებს, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ან სხვა ქმედების ფაქტზე, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სსკ-ს 236-ე და 160-ე მუხლით მიმდინარეობს.

"სალინი იმპრეჯილო" სვანეთში ნენსკრაჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
Print